საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 590
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის “ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის ქ. №89) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „ ველაჯიოს “ წინადადება და გადაეცეს მას პირდაპირი მიყიდვის ფორმით დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის ქ. №89) (მიწის ფართობი – 5 685 კვ. მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/10/06/001/021) (მიწის ფართობი – 32 303 კვ. მ), ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის რაგბის ფილიალ „ ლელოს “ – ვარკეთილის დას. შუამთის ქ. №13-ში ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/19/20/26/012) (მიწის ფართობი – 8565 კვ. მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) (აღნიშნული ობიექტი ინვესტიციის შემდეგ გადაეცემა რაგბის ფედერაციას) არსებული უძრავი ქონება 1 505 000 (ერთი მილიონ ხუთას ხუთი ათასი) აშშ დოლარად.
აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) გადაცემული ქონება, მდებარე დ. აღმაშენებლის გამზ. №116-ში (დ. უზნაძის №89), ხდება ინვესტორის საკუთრება და უფლება აქვს გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;
ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე დიდი დიღმის I-III მ/რ შორის, ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით, იგი ვალდებულია განათავსოს ველოსპორტისა და რაგბის სპეციალიზებული ცენტრები №1 დანართის შესაბამისად და შეუნარჩუნოს განსაზღვრული სპორტული პროფილი 10 (ათი) წლის განმავლობაში;
გ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ვარკეთილის დას. შუამთის ქ. №13-ში, ინვესტორს არ გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №1 დანართის შესაბამისად;
დ) ინვესტორი ამ პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტში მოცემულ ობიექტს რეაბილიტაციის შემდგომ გადასცემს საქართველოს რაგბის ფედერაციას;
ე) ინვესტორმა ამ პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებში მოცემული საინვესტიციო ობიექტების აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადაში;
ვ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 (ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით;
ზ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარდგენილი თანხა;
თ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარადგინოს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;
ი) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბერი;
კ) ინვესტორი ვალდებულია შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი №2 დანართის მიხედვით;
ლ) ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;
მ) ინვესტორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ ქ. თბილისის მერიას წარუდგინოს ანგარიში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ ველაჯიოსათვის “ დ. აღმაშენებლის გამზ. №116 (დ. უზნაძის №89) და დიდი დიღმის I-III მ/რ შორის არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი