|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნას საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; თეიმურაზ მურღულია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე; გოჩა რატიანი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; დავით ჯალაღანია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ვალერი კვარაცხელია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ბესიკ დევდარიანი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; აკაკი ლოდია - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; ირაკლი ხმალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; მარიამ რაქვიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე; შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ნინო ხატისკაცი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის დადგენილება №313 - ვებგვერდი, 01.05.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №101 – ვებგვერდი, 11.03.2015წ. |
| მუხლი 2 |
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელს. |
| მუხლი 3 |
კომისიამ შეიმუშაოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების კონცეფცია, ასევე 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას. კომისიის მუშაობაში მონაწილე უწყებებმა კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში წარმოადგინონ კომისიის მიზნებიდან გამომდინარე თავიანთი საჭიროებები. |
| მუხლი 4 |
1. დაევალოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
2. დაევალოთ სამთავრობო კომისიაში წარმოდგენილ სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატებს: ა) შესაბამისი სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იქნებიან ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების პროცესში და უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას სამთავრობო კომისიის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მათი საქმიანობის სამართლებრივი, ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერა. 3. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №101 – ვებგვერდი, 11.03.2015წ. |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის
დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 4. კომისიის მიზანი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის მიზანი 1. კომისია შექმნილია საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. 2. კომისია უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრასა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესებას. მუხლი 3. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) ევროკავშირის ქვეყნებში სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ევროპარლამენტის 2007 წლის 14 მარტის №2007/2/EC დირექტივიდან გამომდინარე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავება; გ) ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად წინადადებების შემუშავება; დ) ზედამხედველობა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის შექმნასა და მის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობაზე; ე) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით ქვეყანაში წარმოებული სამუშაოების/ღონისძიებების კოორდინაცია და ზედამხედველობა; ვ) იმ საჭიროებების განსაზღვრა, რაც უნდა აისახოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში. მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილებანი დასახული მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია: ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის შიგნით მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე საერთაშორისო დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში; გ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას; დ) აღმოუჩინოს დახმარება უცხო ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე კომუნიკაციის განხორციელებაში; ე) განიხილოს სამართლებრივი აქტის პროექტები, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მართვის სხვადასხვა სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; ზ) შექმნას კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფები; თ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 5. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც: ა) უძღვება კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგინებით; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებსა და კომისიის სახელით გაგზავნილ წერილებს; ე) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ვ) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას. 5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე, კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი, რომელიც არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი. 8. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით თემატურ სამუშაო ჯგუფებს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 9. კომისია იკრიბება, როგორც წესი, წელიწადში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 6. კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფი 1. კომისია ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფში საქმიანობა არ ანაზღაურდება. 2. თემატური სამუშაო ჯგუფის ფუნქციებია: ა) კომისიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი; ბ) დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ანალიზი; გ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 3. თემატური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის შემუშავებაში და განახორციელოს შემდგომი პროცესების კოორდინაცია; ბ) მოამზადოს წინადადებები ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის შემუშავებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით; გ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; დ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე მიმართოს დაინტერესებულ პირებს და მიიღოს მათგან ინფორმაცია ან/და წინადადებები; ე) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მონიტორინგი ეროვნული სივრცითი მონაცემების შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. 4. კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კომისიის მიერ დანიშნული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მუხლი 7. კომისიის სამდივნო 1. კომისიის და თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ-ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისია. 2. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს: ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით, კომისიის შემადგენლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას; ბ) საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას; გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში; დ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას; ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას. მუხლი 8. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 9. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |