|
მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი პროდუქციის სხვა სახეები.“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი საქართველოს მთავრობა: ა) იღებს ნორმატიულ აქტებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის მოსაწესრიგებლად და განსახორციელებლად; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო პროდუქციისა და მომსახურების ნუსხას; გ) ხელმძღვანელობს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას; დ) განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სფეროში; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს რაოდენობრივ შეზღუდვებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე); ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას.“. 3. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად განსაზღვრავენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1380-რს |