შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებით (სსმ V, 30/07/2010 წ; N3; მუხ.34; სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.000023) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) და დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:
„მუხლი 911. სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის სავალდებულო ექსპერტიზა
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, რომელთა ღირებულება აღემატება 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს (გარდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა), სავალდებულოა სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების გეგმისა და ყველა სხვა საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტით, რომელიც ეხება პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას, გათვალისწინებული უნდა იყოს სრული საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვის ხარჯები.“.
|