საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
05/28
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2025-07-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016056
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/28

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №319 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა  თეატრის“ საქართველოს კულტურის,ძეგლთა დაცვისა და სპორტის  მინისტრის 2005 წლის 9 ივნისის №3/263 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიმირიანე ოდიშარია




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდგომში _ თეატრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.

2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსაგან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, ჰყავს თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები - დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები).

3. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.

4. თეატრის სრული სახელწოდებაა _ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი”.

5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.

6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №164.

მუხლი 2.თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

 1. თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნებისა და ტრადიციების განმტკიცება, აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პოპულარიზაცია, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება, კულტურული თანამშრომლობის განვითარება, ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია, საერთაშორისო და ქართულ სახელოვნებო სფეროებში პარტნიორული ურთიერთობის დანერგვა, თანამშრომლობა საერთაშორისო, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად და ახალი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობა.

2. თეატრი საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მხარდაჭერით უზრუნველყოფს 1997 წელს დაარსებული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ შენარჩუნებას, განხორციელებასა და განვითარებას.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №05/22 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობანი

1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ;

ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

ბ​1) კულტურის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო პროექტები, ჩაატაროს კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ​2) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს საერთაშორისო კულტურული (თეატრალური და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით) გაცვლითი პროგრამების ორგანიზება;

ბ​3) ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას თეატრალური სფეროს მართვის საკითხებში;

ბ​4) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამყაროს კავშირები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და დონორ ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხო ქვეყნების შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორობის განვითარების მიზნით;

ბ​5) სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ დებულება;

გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;

დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება;

ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.

 2. თეატრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: 

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; 

ბ) სესხის აღება; 

გ) თავდებობა; 

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; 

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; 

ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. (ამოღებულია - 14.07.2025, №05/22).

5. თეატრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №05/09- ვებგვერდი, 23.12.2021წ.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №05/22 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა

1. თეატრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

3. თეატრის დირექტორს ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საკუთარი შეხედულებით. მინისტრი, ასევე, უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.

4. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი:

ა) არის თეატრის ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს;

დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;

ვ) უფლებამოსილია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

თ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

ი) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში);

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს;

ლ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

მ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს;

ნ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან);

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 

5. თეატრის დირექტორი ვალდებულია, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული თანამდებობაზე.

6. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი:

ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;

ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას;

გ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ან ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

დ) სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

7. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №05/09- ვებგვერდი, 23.12.2021წ.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №05/22 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №05/22 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

მუხლი 6. თეატრის ქონება

თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №05/22 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

მუხლი 7. თეატრის დაფინანსების წყაროები

1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ;

ბ ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები ;

გ ) უცხოური ინვესტიციები ;

დ ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი ;

ე ) კერძო შემოწირულობანი ;

ვ ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .

2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №05/ 56- ვებგვერდი, 16.10.2013წ.

მუხლი 8. თეატრის სახელმწიფო კონტროლი

1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №05/09- ვებგვერდი, 23.12.2021წ.

საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანება №05/22 - ვებგვერდი, 15.07.2025წ.

მუხლი 9. თეატრის წლიური ბალანსი

1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 10. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

 თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კრებსითი — სრული ვერსია