|
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლების, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სამართალსუბიექტი (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება) „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში უზრუნველყოფს სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას, რომელიც უკავშირდება:
ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას; ბ) მკვდრადშობადობის თითოეულ შემთხვევას; გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას. |
2. ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს:
ა) შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) შემდეგი სახის სატელეფონო ინფორმაციის მიწოდებას: შემთხვევის იდენტიფიკაცია (დედის სიკვდილი, 0-1 წლამდე ბავშვის სიკვდილი, 1-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი, მკვდრადშობადობა), გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასაკი, გარდაცვალების მიზეზი (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების დრო და ადგილი (მ.შ. ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში – დაწესებულების დასახელების მითითებით), შეტყობინების გადამცემი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, სასწრაფო სატელეფონო შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 1499; ბ) შემთხვევის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას. ამ ფორმით ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ ბრძანების დანართის მიხედვით შევსებული ფორმით, სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე moh@moh.gov.ge; გ) სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა: სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო) სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი (მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუკი აღნიშნული ხორციელდებოდა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური მეთვალყურეობა ხორციელდებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას აღნიშნული ამბულატორიული დაწესებულების დასახელების და საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი) მითითებით), დანომრილი გვერდებით, ზონარგაყრილი, აკინძული და დამოწმებული ბეჭდით პირველ და ბოლო გვერდზე ისე, რომ არ იფარებოდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ამსახველი ჩანაწერები: გ.ა) დედის გარდაცვალების შემთხვევაში, როცა გარდაცვალების ფაქტის დამფიქსირებელ დაწესებულებაში პაციენტი გადაყვანილია (განხორციელებულია რეფერალი) სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, გადმოგზავნას ექვემდებარება ყველა დაწესებულებაში (მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის განმახორციელებელ დაწესებულებაში) მისი მკურნალობის/მეთვალყურეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად: გ.ა.ა) დედის რეფერალის მიმღები დაწესებულება ვალდებულია, დედის გარდაცვალების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს რეფერალის განმახორციელებელ დაწესებულებას (ტელეფონით, ელფოსტით, ფოსტით და სხვა) და აღნიშნულის თაობაზე დააფიქსიროს ინფორმაცია დედის სამედიცინო დოკუმენტაციაში (შეტყობინების დრო, სახე და შეტყობინების მიმღები პირის ვინაობა); გ.ა.ბ) დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება ვალდებულია, გარდაცვალების ფაქტის დადგომის შემთხვევაში, შეტყობინების მიღების შემდეგ, განახორციელოს მასთან არსებული დედის სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოგზავნის ღონისძიებები ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუკი აღნიშნული ხორციელდებოდა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური მეთვალყურეობა ხორციელდებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას აღნიშნული ამბულატორიული დაწესებულების დასახელების და საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი) მითითებით; გ.ბ) 0-დან 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევაში, დიდი მოცულობის სამედიცინო ისტორიების (როდესაც პაციენტის დაყოვნება დაწესებულებაში 1 თვეს აღემატება) ქსეროასლის ნაცვლად შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით შედგენილი ვრცელი ეპიკრიზის გადმოგზავნა, იმ პირობით, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მოთხოვნისას, განხორციელდება სრული დოკუმენტაციის ქსეროასლის დროულად მოწოდება. |
3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს სასწრაფო სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ყოველდღიურად გაგზავნას ელექტრონულ ფოსტაზე moh@moh.gov.ge., რომლის მართვას ახორციელებს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, როგორც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში – საბჭოს სამდივნო). აღნიშნულის გარდა ცენტრის მიერ ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ხორციელდება წინა თვის სრული ინფორმაციის (ბაზის) გადაგზავნა საბჭოს სამდივნოში.
|
4.
სასწრაფო შეტყობინების ფარგლებში შემოსული მონაცემების დამუშავების მიზნით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შეტყობინებების ყოველდღიურ მონიტორინგსა და მათ შეტანას ერთიან მონაცემთა ბაზაში, მათ რაოდენობრივ ვალიდაციას, სისტემატიზაციას, კლასიფიცირებას (წინასწარი დიაგნოზებისა და სიკვდილის მიზეზების, გესტაციური ასაკის, ბავშვის წონის, სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობის და სხვა მონაცემების მიხედვით), რისთვისაც ის, ასევე, იყენებს წერილობითი შეტყობინებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ინფორმაციას და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიანი ბაზის გადაგზავნას ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
|
41.
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თავის მხრივ, ახორციელებს მონაცემების შედარებას „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის“, აგრეთვე დაავადებებზე ზედამხედველობის ერთიანი ინფორმაციული სისტემისა და რუტინული სტატისტიკით მიღებულ მონაცემებთან, შეჯერებული ინფორმაციის შეტანას მონაცემთა ერთიან ბაზაში იმდაგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შეტანილი ცვლილებების იდენტიფიცირება და ამ ფორმატით გადაგზავნას საბჭოს სამდივნოში ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.
|
5.
საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიანი ბაზის საბოლოო დამუშავებას და რაოდენობრივი ანალიზის მომზადებას, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.
|
6.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან დასაგზავნი იმ სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების შერჩევას, რომელიც უკავშირდება:
ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე) გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას; ბ) ახალშობილის გარდაცვალების იმ შემთხვევებს, რომლებიც თან ახლავს დედის სიკვდილს; გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის ცალკეულ შემთხვევებს საანგარიშო პერიოდში შემოსული შეტყობინებების არანაკლებ 15%-ს შემთხვევითი შერჩევით. |
7.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შერჩეული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების დამუშავებას ისეთი სახით, რომელიც არ იძლევა პაციენტის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და დაგზავნას შესაბამისი დარგის ექსპერტებთან. |
8. სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული ინფორმაცია წარმოადგენს სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციას და მისი მიწოდების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ მიეწოდება ინფორმაცია სასწრაფო შეტყობინების ვალდებულებების დამრღვევი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი სამართალსუბიექტის შესახებ.
|
9.
დამტკიცდეს თანდართული დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №1 და დანართი №2). |
10.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 თებერვლის №01-3/ნ ბრძანება ,,დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ”. |
11.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|