„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
487
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
010.210.030.04.001.003.329
„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

იმპიჩმენტი არის კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.“.

2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოიწვიონ იმპიჩმენტის ინიციატორ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილი წარმომადგენელი და ის პირი ან ამ პირის გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიცაა აღძრული, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურორი, ექსპერტები, სპეციალისტები, მოწმეები და სხვა პირები.“.

3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№487–რს

კრებსითი — სრული ვერსია