საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-144
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2017-06-06
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016110
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-144

2013 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5  მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ :

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის  №2-49 ბრძანება.    
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია



საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
 

1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;

გ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება;

დ) სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და განახლება;

ე) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება;

ვ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტებისათვის, ასევე საქართველოდან უცხოეთში ქართველი სპეციალისტების ვიზიტების პროგრამების შედგენა და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია;

ზ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება;

ი) აგროსამრეწველო სექტორში, სახელმწიფოებს შორის, სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ლ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-41 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის  6 ივნისის ბრძანება №2-89 - ვებგვერდი, 07.06.2017წ.


მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს და მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია და სხვა მასალები;

ბ) მინისტრს და მინისტრის მოადგილეებს წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით;

გ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-41 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის  6 ივნისის ბრძანება №2-89 - ვებგვერდი, 07.06.2017წ.


მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
 

1. დეპრტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

2.   დეპრტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ვიზას ადებს დეპარტამენტში და ასევე სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებულ კორესპონდენციას;

დ)  ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებს და მითითებებს;

ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ და აკონტროლებს დეპარტამენტის საქმიანობას;

ზ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის  6 ივნისის ბრძანება №2-89 - ვებგვერდი, 07.06.2017წ.


მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის უფროსის, მთავარი სპეციალისტებისა და უფროსი სპეციალისტისგან.

2. დეპარტამეტის უფროსს, მთავარ სპეციალისტებს და უფროს სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-41 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის  6 ივნისის ბრძანება №2-89 - ვებგვერდი, 07.06.2017წ.


მუხლი 6. ამოღებულია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-41 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის  6 ივნისის ბრძანება №2-89 - ვებგვერდი, 07.06.2017წ.



კრებსითი — სრული ვერსია