|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებისა), ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.“. 2. მე-13 მუხლის: ა) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური დასაბეგრი მოგება აღემატება 1 მილიონ ლარს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ბიუჯეტში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 20 დეკემბერი 2012 წ. N119-Iს |