საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) 53მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციალური წოდებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 მარტი.
№1148 – Iს