საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №779
2012 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ
1. საქართველოში დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მოწმეებსა და დაზარალებულებზე ზრუნვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროგრამის კოორდინაციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი (შემდეგში – პროგრამების ცენტრი).
2 . პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 დეკემბრის ბრძანებულება №1097 – ვებგვერდი, 11.12.2012წ.
3 . საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამების ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა.
4 . საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცება;
ბ) პროგრამების ცენტრის დირექტორის დანიშვნა;
გ) პროგრამების ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განსაზღვრა.
5. პროგრამების ცენტრის მიერ განსახორციელებელი ცალკეული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყონ პროგრამების ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ყოველმხრივი მხარდაჭერა.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი