საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №121
2012 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებით (სსმ, 21/ 06/201 2, 010320020.22.038.016119) დამტკიცებული შინაგანაწესის მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით , „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით .
2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ შესაბამისი თანხმობით, წარდგენილი უნდა იქნეს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე , თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის .
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ - ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება .
5. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე .
მუხლი 8. მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი .
2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს : ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის ( პირების ), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის , მივლინების ადგილის ( ადგილების ), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, ასევე მომწვევი მხარის მიერ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე .
3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად , რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი . ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით .
4. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად , ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე .
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში .
6. ამ მუხლის მე -5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაციული დეპარტამენტი ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში .“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე