საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1 2 4
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.10.2011წ., 010130000.22.027.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.“;
2. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ ოვალური ფორმის (სიგრძე – 25 მმ, სიგანე – 18 მმ) ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი