„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2255
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-20
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-21
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.05.001.000.639
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ბირჟის, რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი, რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, არ შეიძლება იმავდროულად საბროკერო კომპანიაში ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომლისთვისაც საჭიროა ბროკერის ლიცენზია, და პირიქით.“, ხოლო მე-3–6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4–7 პუნქტბად.

2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „აღიარებულია” შეიცვალოს სიტყვებით „კომისიის მიერ განცხადების განხილვის პერიოდში აღიარებული უნდა იქნეს“.

3. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „თუ“.

4. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შედგება ხუთი წვრისაგან, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საჯარო სამსახურში მუშაობის, იურიდიული ან სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ანდა წარმოადგენდნენ ექსპერტებს ამ სფეროში. კომისიის ხუთივე წევრს, აგრეთვე მათგან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარედ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე“.

5. 52-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-5 პუნქტებში სიტყვების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ანგარიშვალდებული საწარმოს“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ანგარიშვალდებულ საწარმოს“.

6. 55-ე მუხლს:

ა) სათაურში სიტყვის „ადმინისტრაციული“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სისხლისსამართლებრივი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

7. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სამი წევრის უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისად 5, 4 და 3 წლის ვადით. კომისიის ფუნქციონირების დაწყების მიზნით კომისიის პირველი შემადგენლობის სრულ ფორმირებამდე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს 5 წლის ვადით დანიშნული კომისიის წევრი. კომისია მუშაობას იწყებს ამ სამი წევრის დანიშვნისთანავე“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. კომისიის პირველ შემადგენლობაში კომისიის ორ წევრად, შესაბამისად არა უმეტეს 1 და 2 წლის ვადით, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, დროებითი ღონისძიების სახით, თანამდებობაზე პირდაპირ დანიშნოს მაღალგანვითარებული ფინანსური და საფონდო ბაზრის რეგულირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების მქონე და კონკურსის საფუძველზე შერჩეული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

5. კომისიის ხუთივე წევრის დანიშვნისთანავე კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“; მე-4–8 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6–10 პუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 20 ივლისი

№2255-რს

კრებსითი — სრული ვერსია