„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
501
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016661
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №501

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 17/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში“:

1. №5 დანართს (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) დაემატოს მე-9 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. დამატებითი პირობები

ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (ანტენატალური მეთვალყურეობა) მოსარგებლედ, ასევე ითვლებიან ის ორსულები, რომელთა მომსახურება (პირველი ან შემდგომი ანტენატალური ვიზიტი) დაიწყო 2010 წლის „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ „ანტენატალური მეთვალყურეობის“ კომპონენტით 2011 წლის 1 აპრილამდე და გაგრძელდა/დასრულდა 2011 წლის 1 აპრილის შემდეგ. ასეთი მოსარგებლეებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ამ პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“.

2. №23 დანართის (მოსახლეობის ურგენტული მომსახურება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 13,443.3 ათასი ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 27 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია