აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №42
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ 2007 წლის 6 აპრილი №54 (22.798) გვ. 11-13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები”.
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;
გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
დ) დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
ზ) ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო.“.
დ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.
ე) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
გ) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;
დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სტანდარტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შიდა სტანდარტების შემუშავებაში სამედიცინო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარება;
ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ი) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
კ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პერიოდული კორექტირება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებიბის წარდგენა.“.
ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 მუხლი:
„მუხლი 81. სოციალური დაცვის დეპარტამენტი
სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ბ) სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;
გ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება, გამოკვლევა, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
თ) სამედიცინო დაწესებულებებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის განხორციელება;
ი) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
კ) პაციენტსა და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.
ზ) დებულების მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
თ) დებულების მე-12 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება”;
ი) დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის (შემდგომში –დეპარტამენტი) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. დადგენილების 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე