„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
389
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016215
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №389

2011 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ III, 30.12.09, №159, მუხლი 1980) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12[1] მუხლი:

     „მუხლი 121

1. ეს მუხლი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების პროცედურებს.

2. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემოსავლების სამსახურის წერილობითი მომართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით.

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ კომერციული ბანკებისათვის,  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია