სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.443
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომრის
ბრძანება №259
1998 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
”საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 29 მაისის და ”საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონებიდან გამომდინარე შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები ”საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 1 ივნისის №136 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში:
1. პირველ მუხლს დაემატოს ”დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
”დ) ორგანიზაციები, რომელთა ქონება ან ამ ქონების ნაწილი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის“;
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„1. მოცემული საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აღნიშნული ქონება“;
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვები „7,0“ შეიცვალოს რიცხვებით „9,0“-ით;
4. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ორგანიზაციის ქონება, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;
ა) ორგანიზაციებად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:
– საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), ფონდები, დაწესებულებები, ასოციაციები (კავშირები) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით ან შექმნილნი არიან და მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით;
– სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათაშორისი ორგანიზაციები.
ბ) იმ შემთხვევაში როცა, ორგანიზაციის ქონების შემადგენლობიდან შეუძლებელია ცალკე სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების გამოყოფა, ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნით დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება აღნიშნულ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენებული ფართის პროპორციულად ან ბიუჯეტიდან და სამეწარმეო საქმიანობიდან მისაღები შემოსავლებიდან გასაწევი ხარჯების პროპორციულად.
მაგალითი: ორგანიზაციის შენობიდან, რომლის საერთო ფართია 2000 მ2 და საბალანსო ღირებულება 10,0 ათ. ლარი, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულია მისი ნაწილი, ფართობით 450 მ2. აღნიშნულ შემთხვევაში დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს 2,25 ათ. ლარს {(450X10.0):2000}.
მაგალითი: სასწავლო დაწესებულება, რომელიც კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე განეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას, ახორციელებს როგორც სტუდენტთა უფასო (ბიუჯეტური სახსრებით), ასევე ფასიან სწავლებას. ქონების მთლიანი საშუალო წლიური ღირებულება შეადგენს 100,0 ათ. ლარს. სწავლებაზე ხარჯი გათვალისწინებულია 350,0 ათ. ლარი, მ.შ. ბიუჯეტიდან (გამოყოფილი ასიგნებებით) – 200,0 ათ. ლარი, ხოლო ფასიანი სწავლებიდან მისაღები შემოსავლებიდან – 150,0 ათ. ლარი. მოცემულ შემთხვევაში გადასახადით დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური ღირებულება შეადგენს 42,9 ათ. ლარს “;
5. მე-4 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,8. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები“;
6. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 აბზაცში ამოღებულ იქნეს სიტყვა „ან“, ხოლო სიტყვა „პირველ“ შეიცვალოს სიტყვით ”ამსახველ“.
მ. ჩიკვილაძე