საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
200
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-27
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.008985
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.008.985

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №200

2006 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ (სსმ III, 17.04.01წ., №36, მუხ. 291) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) „ვალდებულებები“ არის ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის ,,მთლიანი ვალდებულებებისა“ და ,,გარესაბალანსო ვალდებულებების“ თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება: ბანკის მიერ მიღებული ის სესხები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი ვადა; გაცემული გარანტიებისა და გასანაღდებელი აკრედიტივების ნაწილი მათ უზრუნველსაყოფად ამავე ბანკში დაჯავშნული ფულადი სახსრების ოდენობით; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;

2. მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)   ლკ (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივები უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა;“.

3. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები.

4. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია