საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4418-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
390000000.05.001.016229
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო), საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.

2. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, მართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“.

3. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

4. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებას სახელმწიფო ტყის ფონდში ანიჭებს სამინისტრო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე იქ, სადაც დაშვებულია სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობა, − საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.“.

5. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენისა და ამ რეჟიმში ღონისძიებების განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე:

ა)  ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;

ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით;

გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.“.

7. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

 ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, ბუნებრივი რესურსების  სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4418–Iს           

კრებსითი — სრული ვერსია