საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35- და 110-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში და გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; სხვა 35- და 110-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“;
ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) სამინისტრო − საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4395–Iს