საქართველოს კანონი
„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 9-10, 15 მარტი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. განისაზღვროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 1997-1999 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 99 პროცენტის ოდენობით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:
„მუხლი 3. განისაზღვროს ქ. თბილისის ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან (ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოებიდან მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარდა) ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1998-2000 წლებისათვის 15 პროცენტის ოდენობით“.
3. კანონის მე-3 და მე-4 მუხლები ჩაითვალოს მე-4 და მე-5 მუხლებად და მე-4
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. განისაზღვროს მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 1997-1999 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 60 პროცენტის ოდენობით“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 12 დეკემბერი.
№1179–Iს