საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №127
2011 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 332) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-12 პუნქტში სიტყვები: ,,დიპლომის ან ატესტატის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,დიპლომის, საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების“;
ბ) დებულების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,23. საკონტრაქტო მოსამსახურე, კონტრაქტის თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით შეწყვეტის შემთხვევაში:
ა) ჩვეულებრივი წესით ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ვალდებულების მოხდას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად;
ბ) ექვემდებარება ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოიცავს კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს), აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს.“;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი:
,,231. ამ დებულების 23-ე პუნქტის შესაბამისად ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში:
ა) სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია გადახდის ვალდებულების გადავადება ან განაწილვადება 2 წლამდე ვადით იმ შემთხვევაში, თუ პირი სადავოდ არ ხდის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე და წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას;
ბ) პირს გადაუვადდება გადახდის ვალდებულება 2 წლის ვადით, თუ იგი არის ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები. აღნიშნული საფუძვლით გადახდის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ და არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან;
გ) პირადი პატაკის საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა).“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი