საქართველოს კანონი
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე.“
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
მუხლი 61. გარდამავალი დებულებანი
1. 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყებამდე დარიცხული საურავების გადახდა განევადოთ იმ საწარმოებს, რომელთა მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ.
2. დარიცხული საურავების გადახდა მოხდეს ცალკე გრაფიკით, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივნისი.
№2106–IIს