საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010.320.030.05.002.002
საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №47

2003 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების თანახმად, საჯარო მოხელეთათვის საკლასო ჩინის მინიჭების მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ.

2. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურომ.

ე. შევარდნაძე 

 

დებულება  საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულებისა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულე­ბებში მომუშავე საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინის მინიჭების წესს.

    მუხლი 2. მოხელეთა საკლასო ჩინი და მისი მინიჭების მიზანი

1. მოხელის საკლასო ჩინი განსაზღვრავს მისი პროფესიული დონისა და მონაცემების შესაბამისობის ხარისხს მოცემული თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

2. საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ხდება მოხელის მიერ ატესტაციის გავლის შედეგების მიხედვით, გარდა იმ მოხელეებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით საჯარო სამსახურში თანამდებობები იყოფა შემდეგ რანგებად:

ა) მთავარი საჯარო თანამდებობა;

ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობა;

გ) უფროსი საჯარო თანამდებობა;

დ) უმცროსი საჯარო თანამდებობა.

4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოხელეებს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინი:

ა) მთავარ საჯარო თანამდებობაზე

– ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი,

– პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,

– სახელმწიფო მრჩეველი;

ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე

– პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;

გ) უფროს საჯარო თანამდებობაზე

– საჯარო სამსახურის, პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;

დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე

– საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი.

5. საკლასო ჩინს ანიჭებს:

ა) სახელმწიფო მრჩევლებს – საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის რეფერენტებს – შესაბამის თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი), ხოლო პირდაპირი კენჭისყრით არჩეულ ქალაქის გამგებლებს – შესაბამისი ქალაქის საკრებულო.

6. მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი, შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის მთელ პერიოდში მიეცემა საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, რომელიც გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ მე-4 პუნქტით დამტკიცებული საჯარო მოხელეების საკლასო ჩინისათვის ხელფასის დანამატების შესაბამისად, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე პირთათვის – ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გათვალისწინებული თანხებით.

7. მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელეებს საკლასო ჩინის მისანიჭებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა ჰქონდეთ:

ა) სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინისათვის – მთავარ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 6 თვის სტაჟი;

ბ) პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინისათვის მთავარ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის ორი წლის სტაჟი;

გ) ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინისათვის – მთავარ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის სამი წლის სტაჟი.

8. მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელეებისათვის განსაზღვრულ ვადაზე ადრე საკლასო ჩინის მინიჭება ხდება მხოლოდ ერთხელ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, პრეზიდენტის მიერ, მთავარ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წარდგინებით, ხოლო იმ მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელისათვის, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.

9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტით ატესტაციას დაქვემდებარებული წამყვანი, უფროსი და უმცროსი საჯარო მოხელეებისათვის საკლასო ჩინის მინიჭება ხდება ატესტაციის შედეგების პარალელურად. თუ აღნიშნულ თანამდებობაზე მოხელეს ირჩევს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ექვემდებარება ატესტაციას, ამ შემთხვევაში მოხელეს საკლასო ჩინი მიენიჭება ატესტაციის გარეშე. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი თანამდებობისათვის საკლასო ჩინის მინიჭების კრიტე­რიუმები.

10. მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, საკლასო ჩინი არ ენიჭება. მოხელეს, რომელიც გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე დაინიშნება საჯარო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე, საკლასო ჩინის მინიჭებისას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საჯარო სამსახურის სტაჟად.

11. მოხელეს თანამდებობიდან გადადგომისას უნარჩუნდება საკლასო ჩინი მითითებით „გადამდგარი“.

12. დაწესებულების რეორგანიზაციის, მოსამსახურეთა რიცხოვ­ნობის შემცირების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობისა) უფრო დაბალ თანამდებობრივ რანგში გადაყვანის შემთხვევაში მოხელეს უნარჩუნდება მინიჭებული საკლასო ჩინი და დანამატი.

13. მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ ექვემდებარებიან ატესტაციას, საკლასო ჩინი მიენიჭებათ ატესტაციის გავლის გარეშე. საკლასო ჩინის მინიჭების საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) წარდგინებით. იმ მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელეთათვის, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საკლასო ჩინის მინიჭების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.

14. საკლასო ჩინის ჩამორთმევა ხდება ამ დებულებით დადგენილი საკლასო ჩინის მინიჭების პროცედურის ანალოგიურად.

15. საკლასო ჩინის მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავში­რებული სადავო საკითხების განხილვა ხდება საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად.

16. საჯარო მოხელეთათვის საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №555-სსმ III, №1 41, 03.12.2004წ., მუხ.1268

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №664-სსმ III, №171, 03.12.2007წ; მუხ.1899

კრებსითი — სრული ვერსია