საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №187
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურმა დეპარტამენტმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა (შემდგომში – დაწესებულება) შექმნან პირობები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
მუხლი 2
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 3
მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგიძლივობა.
მუხლი 4
ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მუხლი 5
არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს.
მუხლი 6
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე