საქართველოს კანონი
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ყიდვა-გაყიდვა – საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ნაწარმის, ჯართისა და ნარჩენების შესყიდვა და შემდგომი რეალიზაცია“;
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის გარანტად მიღება, შენახვა და დამგირავებლისათვის დაბრუნება“.
2. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ გარანტად (გირაოში) მიღებული და შენახული ნაწარმი, რომელიც ექვემდებარება დამგირავებლისათვის დაბრუნებას“.
3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29
ლომბარდები სალაროს ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 13 მაისი
1952–IIს