საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №87
2002 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 37-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №73 21.07.2003 წ., მუხ.658
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულება - სსმ III, №93 27.08.2004 წ., მუხ.789
3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №258 ბრძანებულება - სსმ III, №52 28.04.2005 წ., მუხ.541
დებულება
საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების, განხორციელებისა და კონტროლის წესს.
2. საზოგადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოების (მათ შორის, ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აღება-დაბინავება და სხვ.) შესრულება.
3. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების გზით სახელმწიფო ახდენს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში (შემდგომში _ სააგენტო) რეგისტრირებული უმუშევრების დროებით დასაქმებას და მათ მიერ შემოსავლების მიღებისათვის ხელშეწყობას.
4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელებისას დასაქმების უპირატესი უფლებით სარგებლობენ სააგენტოში რეგისტრირებული დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები.
5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.
6. რეგისტრირებული უმუშევრების მონაწილეობა საზოგადოებრივ სამუშაოებში დაიშვება მხოლოდ მათი თანხმობით და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სამუშაოს შეთავაზებად.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულება - სსმ III, №93 27.08.2004 წ., მუხ.789
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №258 ბრძანებულება - სსმ III, №52 28.04.2005 წ., მუხ.541
მუხლი 2. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზება
1. სააგენტო დამოუკიდებლად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად უზრუნველყოფს იმ ობიექტების მახასიათებლების (პასპორტების) შედგენას, რომლებზეც შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი სამუშაოები.
2. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია;
ბ) სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება;
გ) კულტურის სახლი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო საშუალება და სხვა საზოგადოებრივი სარგებლობის კულტურისა და სასპორტო ცენტრი;
დ) ადგილობრივი გზა, სარწყავი და სასმელი წყალგაყვანილობის სისტემა;
ე) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
3. საზოგადოებრივი სამუშაოები შეიძლება ასევე განხორციელდეს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ინიციატივით ტერიტორიის დასუფთავების, გამწვანება-განაშენიანების ან სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღება-დაბინავების მიზნით.
4. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს:
ა) სააგენტო;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო;
გ) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების მიზნით შემუშავებული პროექტი სააგენტოს მეშვეობით წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
6. საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებისათვის ობიექტის შესარჩევად დგება „ობიექტის პასპორტი“, რომელიც მოიცავს:
ა) ობიექტის დეფექტურობის აქტს;
ბ) შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთა ნუსხას არსებული საბაზრო ფასებით, რომელშიც მკაფიოდ უნდა იქნეს გამიჯნული ყველა თანადამფინანსებლის მიერ დასაფინანსებელი სამუშაოები;
გ) სამუშაოების განხორციელების გრაფიკს;
დ) დასასაქმებელი რეგისტრირებული უმუშევრების სავარაუდო რაოდენობას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მიხედვით;
ე) ცნობას ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ;
ვ) დაფინანსებაში მონაწილე მხარეების თანხმობას თანადაფინანსების განხორციელების თაობაზე.
7. მიმდინარე საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტების შერჩევისა და გეგმის შემუშავების მიზნით შედგენილ პასპორტებს სააგენტო წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არა უგვიანეს პირველი კვარტალისა.
8. (ამოღებულია).
9. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ადგილსა და ობიექტს არჩევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ მიზნით შექმნილი კომისია.
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საზოგადოებრივ სამუშაოებს უპირატესად განახორციელებს იმ რაიონში (ქალაქში), რომელიც „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეკუთვნება „პრიორიტეტული განვითარების ზონას“.
11. ,,უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ სააგენტო ახორციელებს სამუშაოთა შესყიდვას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.
12. (ამოღებულია).
13. სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოზე გაგზავნილ სამუშაოს მაძიებელს აცნობს მუშაობის რეჟიმს, სპეციფიკასა და შრომის ანაზღაურების პირობებს, რომელიც განისაზღვრება „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
14. საზოგადოებრივი სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია ამ სამუშაოებში მონაწილე რეგისტრირებულ უმუშევრებთან დებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას.
15. სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეებისათვის შესაფერისი მუდმივი სამუშაო ადგილის გამოძებნის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება უქმდება.
16. სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პირის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოებრივი სამუშაოს მწარმოებელმა ორგანიზაციამ, გათავისუფლებული პირის სხვა რეგისტრირებული უმუშევრით ჩანაცვლების მიზნით, გათავისუფლებიდან 3 დღეში უნდა მიმართოს სააგენტოს შესაბამის განყოფილებას. ამასთან, მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს მუშაკის გათავისუფლების მიზეზი.
17. საზოგადოებრივ სამუშაოზე მომუშავე პირის შრომის წიგნაკში კეთდება ჩანაწერი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №73 21.07.2003 წ., მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულება - სსმ III, №93 27.08.2004 წ., მუხ.789
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №258 ბრძანებულება - სსმ III, №52 28.04.2005 წ., მუხ.541
მუხლი 3. საზოგადოებრივ სამუშაოთა დაფინანსების წესი და წყაროები
1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებელ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით, ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერასა და შესრულების ვადას;
ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასა და მათ მიმართ მინიმალურ აუცილებელ მოთხოვნებს;
გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.
3. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსება ხდება სამუშაოთა შესრულების შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, როგორც წესი, ტრანშების ფორმით. პირველი ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 50 პროცენტს. ყოველი შემდგომი ტრანში გამოიყოფა წინამორბედი ტრანშის მიზნობრივი ათვისების დამადასტურებელი საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების მიზნით წარმოდგენილ პროექტებში შრომის ანაზღაურების დონე არ შეიძლება იყოს პროექტის მთლიანი ღირებულების 25 პროცენტზე ნაკლები;
5. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოებს თანადაფინანსების პრინციპით. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან“ ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს პროექტის საერთო ღირებულების 80 პროცენტს.
6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აფინანსებენ საზოგადოებრივი სამუშაოების სულ ცოტა 20 პროცენტს, ხოლო ინიციატორი კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სულ ცოტა 60 პროცენტს ან შემსრულებელ ორგანიზაციას აწვდიან შესაბამისი ღირებულების ნედლეულს, მასალებსა და მაკომპლექტებელ ნაწილებს.
7. თანადაფინანსების ნატურით განხორციელების შემთხვევაში სააგენტომ შეიძლება შექმნას სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის მიზანია:
ა) პროექტის ინიციატორის მიერ თანადაფინანსების ნაცვლად წარმოდგენილი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შეფასება;
ბ) ობიექტის მდგომარეობის შეფასება.
8. ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრება საზოგადოებრივი სამუშაოების კომისიის მიერ მიმდინარე წლის „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №73 21.07.2003 წ., მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულება - სსმ III, №93 27.08.2004 წ., მუხ.789
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №258 ბრძანებულება - სსმ III, №52 28.04.2005 წ., მუხ.541
მუხლი 4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების კონტროლი
საზოგადოებრივ სამუშაოთა მიმდინარეობისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ფინანსურ კონტროლს ახორციელებს სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №73 21.07.2003 წ., მუხ.658
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №350 ბრძანებულება - სსმ III, №93 27.08.2004 წ., მუხ.789
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 აპრილის №258 ბრძანებულება - სსმ III, №52 28.04.2005 წ., მუხ.541