სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
224
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-26
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.05.002.002.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №224

2001 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინ­ციპებით მართვის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული დე­ბულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის ბრძანებულება №263 - სსმ III, №58, 19.06.2003 წ., მუხ.503

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულება №629 - სსმ III, №147, 30.10.2006 წ., მუხ.2032

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთ­ვალ­ყურეო საბჭო (შემდგომში _ საბჭო) არის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ დებულებებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. საბჭოს წევრების დანიშვნის წესი

1. საბჭო იქმნება 7 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირები (საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

2. საბჭოს ახალი შემადგენლობა თავის პირველ სხდომაზე საზოგადოებრიობის წარმომადგენელი წევრებისაგან ერთ-ერთს ირჩევს საბჭოს თავმჯდომარედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულება №629 - სსმ III, №147, 30.10.2006 წ., მუხ.2032

    მუხლი 3. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომებზე. საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ ორ თვეში ერთხელ მაინც.

2. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თავმჯდომარის ან საბჭოს სულ ცოტა ოთხი წევრის მოთ­ხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ სხდომის დღის წესრიგის მითითებით საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოს სხდომამდე არა უგვიანეს ათი დღისა.

3. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მისთვის კანონმდებლობით მინი­ჭებულ საკითხებზე საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გა­ყო­ფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. საბჭოს სხდო­მა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 5 წევრი მაინც.

4. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს ყველა ის წევრი, რომლებმაც მხარი და­უ­ჭირეს გადაწყვეტილების მიღებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზი­ცია დააფიქსიროს წერილობითი დასკვნით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი ინფორმაციის საიდუმ­ლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულება №629 - სსმ III, №147, 30.10.2006 წ., მუხ.2032

    მუხლი 4. საბჭოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. თავის სხდომებზე სამეთვალყურეო საბჭო:

ა) განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორ­მატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;

ბ) განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს;

გ) ამტკიცებს საატესტაციო კომისიას სააგენტოს სამმართველო­ების უფროსების, მათი მოადგილეების, მთავარი სპეციალისტებისა და მოსამსახურეების ყოველწლიური ატესტაციისათვის;

დ) განიხილავს პრეზიდენტისათვის წარსადგენ სააგენტოს საქმი­ანობის წლიურ ანგარიშს;

ე) ამტკიცებს სააგენტოს წლიურ სამუშაო პროგრამას და განიხილავს ბიუჯეტს სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის სრულყოფილად განხორციელებისათვის;

ვ) განიხილავს სააგენტოს დებულებაში შესატან შესაბამის ცვლი­ლებებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით;

2. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია თავის საქმიანობაში გა­ი­თვალისწინოს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და თავის სხდომებზე სახელმწიფო შესყიდვების მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცეს დაუბრკო­ლებლად წარმოადგინონ თავისი ინტერესები.

3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზა­ცი­ე­ბი­საგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორ­მაციის სისწორე.

4. თავისი საქმიანობის შესახებ სამეთვალყურეო საბჭო ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრე­ზიდენტს და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის ბრძანებულება №263 - სსმ III, №58, 19.06.2003 წ., მუხ.503

    მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

კრებსითი — სრული ვერსია