საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3883-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-22
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016085
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 88-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ტოლია ქონების საბაზრო ღირებულებისა ან აღემატება მას.

2. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“;

ბ) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3883–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია