საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №113
2001 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის შესახებ
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) საქართველოს გაწევრიანების შემდგომ (14.06.2000) ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის სათანადო კოორდინაციისათვის, აგრეთვე გაწევრიანებისას საგარეო ვაჭრობის სფეროში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის გათვალისწინებით და მსო-ს სრულუფლებიანი წევრობის სრულად და ეფექტიანად გამოყენების მიზნით:
1. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის №172 ბრძანებულება - სსმ III, №39 23.04.2002 წ., მუხ.340
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 ივნისის №435 ბრძანებულება - სსმ III, №67 02.06.2005 წ., მუხ.711
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) კოორდინაცია გაუწიოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან საქართველოს ურთიერთობის წარმართვას საქართველოს საგარეო პოლიტიკის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს მიერ გაწევრიანებისას აღებულ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;
ბ) უზრუნველყოს ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;
გ) უზრუნველყოს მარაკეშის ხელშეკრულების მე-3 დანართით გათვალისწინებულ სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვის მექანიზმში საქართველოს სრულმასშტაბიანი მონაწილეობა;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან ერთად დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მსო-ს „ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ზომების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა;
ე) საქართველოს სხვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს „მომსახურებით ვაჭრობის თაობაზე გენერალური შეთანხმების“ მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულება და გაითვალისწინოს ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მოთხოვნა ნორმატიული ბაზის „გამჭვირვალობის“ შესახებ, მათ შორის „საინფორმაციო ცენტრის“ შექმნის თაობაზე;
ვ) კოორდინაცია გაუწიოს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ საქართველოსათვის მსო-ში გაწევრიანების საწყის სტადიაზე დახმარების მიზნით წამოწყებული პროექტის („საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი“) განხორციელებას.
4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი):
ა) ვაჭრობაში მოქმედი სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები შეუსაბამოს მსო-ს შეთანხმებათა და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებათა მოთხოვნებს;
ბ) სამინისტროსთან არსებულ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა მსო-ს „ანტიდემპინგის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან;
გ) შეიმუშაოს შესაბამისი ნორმატიული აქტი „ანტიდემპინგური, საკომპენსაციო და დაცვითი ღონისძიებების შესახებ“;
დ) შეიმუშაოს ანტიდემპინგური გამოკვლევის წესები, სადაც ამ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები და შეთანხმების მე-18 მუხლის მე-5 პარაგრაფის შესაბამისად, აცნობოს წესების შესახებ მსო-ს;
ე) უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს „საფეიქრო ნაწარმისა და ტანსაცმლის შესახებ შეთანხმების“ მიხედვით აღებულ ვალდებულებათა შესრულება;
ვ) განახორციელოს საქართველოს მიერ მსო-ს „იმპორტის ლიცენზირების შესახებ“ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს ამ შეთანხმებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები;
ზ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად განახორციელოს მსო-ს „სამოქალაქო ავიატექნიკის ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების მე-4 დანართის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;
თ) უზრუნველყოს დეკლარაციასთან „საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქციით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს შეერთებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;
ი) სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მსო-ს შეთანხმებასთან საქართველოს მიერთების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყებასთან საჭირო სამუშაოსა და მიერთების შემდგომ, საქართველოს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი):
ა) დადგენილი წესით გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მსო-ს საწევრო შესატანი და სხვა შესაძლო გადასახადები;
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აწარმოოს საბაჟო-სატარიფო ცხრილი, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს კანონპროექტები „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) მოამზადოს წინადადებები მსო-ს „სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისთვის, შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკომპენსაციო ზომების გამოყენების წესები, რომელიც შეესაბამება ამ შეთანხმებას, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებით – „სოფლის მეურნეობის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებს; ამ წესებში სრულად გაითვალისწინოს შეთანხმებების ძირითადი მოთხოვნები; მსო-ს „სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების“ შესახებ შეთანხმების 26-ე მუხლის მე-12 პარაგრაფის შესაბამისად აცნობოს ამ წესების შესახებ მსო-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს „სოფლის მეურნეობის შესახებ“ მსო-ს შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება სასოფლო-სამეურნეო სექტორის სუბსიდირების სფეროში.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი): საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს ვარაკეშის ხელშეკრულების მე-2 დანართით გათვალისწინებული დავების გადაწყვეტის მექანიზმში საქართველოს სრულმასშტაბიანი მონაწილეობა და მის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე):
ა) უზრუნველყოს მსო-ს „სოფლის მეურნეობის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნების შესრულება:
ბ) დადგენილი წესით უზრუნველყოს, რათა საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამებოდეს მსო-ს „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებს, შექმნას დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების კონსულტაციის ერთიანი მექანიზმი და ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში; გამოაქვეყნოს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ასეთი ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს; უზრუნველყოს ამ წესების შესაბამისობა აღნიშნულ შეთანხმებასა და მის დანართებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს შეთანხმების „ბ“ დანართით გათვალისწინებულ გამჭვირვალობის მოთხოვნებს და საინფორმაციო ცენტრის შექმნა-ფუნქციონირებას.
8. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (გ.გაჩეჩილაძე), დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მსო-ს „საბაჟო ღირებულების შესახებ“ შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობა და მათი მოთხოვნების შესრულება;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მსო-ს „საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესახებ“ შეთანხმებასთან შესაბამისობა და მათი მოთხოვნების შესრულება;
გ) ინგლისურ კომპანია ITS-თან არსებული კონტაქტის ვადის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და არსებული საბაჟო სისტემის სრული შესაბამისობა მსო-ს „გადაზიდვამდელი შემოწმების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან; შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, აცნობოს ამ სფეროში მოქმედი წესების შესახებ მსო-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით.
9. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ. მანჯგალაძე) სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების შესახებ მსო-ს შეთანხმების მოთხოვნებთან; ამ მიზნით:
ა) შეიქმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც „ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმებიდან გამომდინარე ზომების განხორციელების მიზნით მოხდება ყველა დაინტერესებული სამინისტროსა და უწყების კონსულტაცია და უზრუნველყოფილ იქნება ამ უწყებათა აქტიური მონაწილეობა შეთანხმებიდან გამომდინარე ზომების განხორციელებაში; გამოსცეს წესები ასეთი ზომების განვითარების პროცედურების შესახებ, რომლებიც სრულად შეესაბამება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ მსო-ს შეთანხმებას და მისი დანართების დებულებებს, მათ შორის, ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მოთხოვნას, სტანდარტიზაციის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ;
ბ) საქართველოში სტანდარტიზაციის სისტემაში არსებულ პრაქტიკაში გაითვალისწინოს ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ მსო-ს შეთანხმების მე-3 დანართის – სტანდარტების მომზადების, მიღების და გამოყენების კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსის მოთხოვნები.
10. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (დ.გაბუნია):
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საგადასაგადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მოამზადოს წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის – ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების III და IV თავებთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების საავტორო უფლებების მოთხოვნების შესრულება.
11. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 ივნისის №435 ბრძანებულება - სსმ III, №67 02.06.2005 წ., მუხ.711
12. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) ურთიერთობებისას საგარეო ვაჭრობის სფეროში პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 ივლისის №433 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის №172 ბრძანებულება - სსმ III, №39 23.04.2002 წ., მუხ.340
2. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 ივნისის №435 ბრძანებულება - სსმ III, №67 02.06.2005 წ., მუხ.711
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 ივნისის №435 ბრძანებულება - სსმ III, №67 02.06.2005 წ., მუხ.711