საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №39
1999 წლის 31 იანვარი
ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი თარიღის აღნიშვნის შესახებ
ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტია. ქართული ხასიათი და წეს-ჩვეულებანი, კულტურა, რელიგიური წარმოდგენები, საუკუნოვანი ოცნებები და იმედები სწორედ მას უკავშირდება.
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ქართული სახელმწიფოებრიობის ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ეყრდნობა და აგრძელებს.
ყოველივე ამის გამო:
1. ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი თარიღი აღინიშნოს 2000 წელს.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზაზა შენგელიამ და სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსმა კობა იმედაშვილმა წარმოადგინონ საქართველოს პარლამენტთან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონების ხელმძღვანელებთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, სამინისტროებთან, უწყებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეთანხმებული წინადადებები ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი თარიღის აღსანიშნავი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობის, შესაბამისი ღონისძიებებისა და მათი გამართვისათვის საჭირო დაფინანსების თაობაზე.
ე. შევარდნაძე