საქართველოს მთავრობის
დადგენილება №108
2004 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
„ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი;
დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის წევრი;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − კომისიის წევრი.
2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, ქალაქ თბილისის მერს, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, რომ წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში.
3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2027 წლის პირველ იანვრამდე.
4. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. კომისია შეიმუშავებს „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
2. კომისია განიხილავს ზემოთ აღნიშნული საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სახელმწიფო საშინაო ვალის და მის მართვასთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში თავის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები.
2. კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ ეხება „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემებს.
მუხლი 4. კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი და ხელმძღვანელობა
1. კომისიის სხდომები იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი.
3. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს შეისწავლოს „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული მასალები და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი გადაწყვეტილებების პროექტები.
4. კომისია სხდომაზე განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებასა და გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
7. კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
8. საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.