„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)და ზენორმატიული (მძიმეწონიანი)ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
956
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-30
სარეგისტრაციო კოდი
310060000.22.034.009064
„საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)და ზენორმატიული (მძიმეწონიანი)ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.22.034.009.064

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №956/1-1/746

2006 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და „საავტო­მობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის №3394-Iს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესრულების საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდ­ვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილე­ბისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ი. ჩოგოვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77 - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.136

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ერთობლივი ბრძანება №945/1-1/1767 - სსმ III, №92, 24.07.2009წ., მუხ.972

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის ერთობლივი ბრძანება №973/1-1/1846 - სსმ III, №95, 31.07.2009წ., მუხ.1018

საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესი

    მუხლი 1

1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს საავ­ტომობილო გზებზე (გარდა საუწყებო გზებისა) არაგაბა­რიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმა­ტიუ­ლი (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის და რეკომენ­დაციის (შეთანხმების) გაცემის პირობებს.

2. წინამდებარე წესი განსაზღვრავს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და (მძიმეწონიანი) ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილებას და ზემოაღნიშნული ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი რეკომენდაციის (შეთანხმების) გაცემის წესს.

3. წინამდებარე წესით რეგლამენტირებულია ტვირ­თე­ბის გადაზიდვა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბებით, რომელთა გაბარიტები და წონითი მახასიათებ­ლები (ტვირთით ან უტვირთოდ) აღემატება საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალება ითვლება არა­გაბა­რიტულად (მსხვილგაბარიტიად), თუ მისი ზომები აღემატება ერთ-ერთს მაინც შემდეგი მაჩვენებლებიდან:

ა) სიმაღლით 4 მეტრს გზის სავალი ნაწილის ზედაპი­რიდან;

ბ) სიგანით 2,55 მეტრს, (რეფრეჟერატორის შემ­თხვევაში 2,60 მეტრს);

გ) სიგრძით – 20 მეტრს (ავტომატარებელი (მათ შორის, ორ და მეტმისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში 12 მეტრს, აგრეთვე, თუ ტვირთი გამოშვერილია ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტი სიდიდით.

5. ზენორმატიულად დატვირთულ (მძიმეწონიან) ავტო­სატრანსპორტო საშუალებად ითვლება ისეთი ავ­ტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ ღერ­ძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირ­თვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათ­ვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას.

6. საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელ­დება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებე­ლია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწი­ლებას. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირ­თების გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საავ­ტომო­ბილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების შესაძლო ნაწილობრივი რეკონსტრუქციის ღონისძიებე­ბის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფასთან დაკავშირებული ხარჯები) ეკისრება გადამ­ზიდველს.

7. ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტო­სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისათვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77 - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.136

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

 

    მუხლი 2

1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციიდან შესაბამისი შეთანხმების (რეკომენდაციის) მიღების შემდეგ.

2. (ამოღებულია).

3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისი ქალაქის/რაი­ო­ნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით (რეკომენდაციით).

4. თანხმობა/რეკომენდაცია, როგორც წესი, გაიცემა ერთ გადაზიდვაზე. ერთი ტიპის ტვირთების დადგენილი მარშრუტით გადაზიდვისას, შეიძლება თანხმობა/რეკო­მენდაცია გაიცეს ტვირთების განსაზღვრულ პარტიაზე ან განსაზღვრული დროით (კონკრეტული ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის, გადაზიდვის მოცულო­ბის გათვალისწინებით და ა.შ.).

5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული მარშრუტით.

6. (ამოღებულია).

7. დამატებითი შეთანხმება რკინიგზის სადისტანციო სამსახურთან წარმოებს – გადაზიდვის მარშრუტის რკი­ნიგ­ზის ერთ დონეზე გადაკვეთისას, თუ ავტოსატრან­სპორტო საშუალების გაბარიტები ტვირთით ან უტვირ­თოდ აღემატება: სიგანით – 5 მეტრს, სიმაღლით (სავა­­ლი ნაწილიდან)–4,5 მეტრს, ავტომატარებლის სიგ­რძით (ერთი მისაბმელით ან ნახევრადმისაბმელით) – 20 მ-ს, ორი ან მეტი მისაბმელით – 24 მ-ს. აგრეთვე იმ შემთ­ხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო სა­შუა­­ლე­­ბის საერთო ფაქტობრივი წონა აღემატება 52 ტო­ნას ან მოძრაობის სიჩქარე ნაკლებია 8 კმ/სთ-ზე.

8. ქვეყნის ორი ან მეტი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას თანხმობა (რეკომენდაცია) გაიცემა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მათ შორის, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის მეშვეობით ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ერთი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ, ერთი ქალაქის საზღვრებში მარშრუტის გავლისას – ქალაქის საპატრულო პოლიციის მიერ.

9. საპატრულო პოლიციაში თანხმობის (რეკომენდაციის) გასაცემად გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი განაცხადი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის, მძღოლისა და გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის სახელისა და გვარის, დატვირთულ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძების რაოდენობის, ღერძზე დატვირთვის განაწილების, საერთო ფაქტობრივი წონის და სხვა პარამეტრების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) ჩვენებით, ასევე სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანით გაცილების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის უწყებასთან (რომელიც განახორციელებს გაცილებას) გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის (რეკომენდაციის) მისაღებად დაინტერესებულ პირს წერილობითი განაცხადით შეუძლია მიმართოს როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ასევე შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურს, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წესით. ნებართვის მისაღებად შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაუგზავნოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მის მიერ ჩამოყალიბებული მოკლე აღწერილობა ნებართვის გაცემის თაობაზე. ელექტრონული ფოსტის საშუალებით, აღნიშნული მოკლე აღწერილობისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განიხილავს საკითხს და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს შესაბამის ნებართვას, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაეგზავნება შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელს. აღნიშნული თანამდებობის პირი ვალდებულია ასეთი ნებართვის ელექტრონული ფორმით მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ ამობეჭდოს ელექტრონული ვერსია და საკუთარი ბეჭდით დაამოწმოს მისი სისწორე დედანთან, რომელსაც გადასცემს განმცხადებელს. ხოლო სხვა საშუალებებით ნებართვის დედნის მიღების შემთხვევაში დაიტოვოს მისი ასლი და დედანი გადასცეს განმცხადებელს. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონალური საპატრულო პოლიციის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რეგიონალურ საპატრულო პოლიციას დოკუმენტები უკან დაუბრუნდება შესაბამისი შენიშვნების მითითებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

    მუხლი 3

1. როგორც წესი, გადაზიდვა ნებადართულია ნაკლე­ბად ინტენსიური მოძრაობის საათებში, ხოლო დაუსახ­ლებელ პუნქტებში დღე-ღამის ნათელ პერიოდში. რო­გორც გამონაკლისი, დღე-ღამის ბნელ პერიოდში დაუსახ­ლებელ პუნქტებში გამავალ გზებზე გადაზიდვა დასაშ­ვებია იმ პირობით, როცა გასაცილებლად გამო­ყოფილია დამცავი ავტომობილი (სტანდარტული) ან საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანა.

2. არაგაბარიტული და ზენორმატიულად დატვირ­თული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაშვებ სიჩ­ქარეს ადგენს საპატრულო პოლიციის სამსახური თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს, რომელიც დამოკიდებულია გაბარიტებზე, წონაზე, გადასაზიდი ტვირთის განსაკუთრებულობაზე და საგზაო პირობებზე. მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე არ უნდა აღემატე­ბოდეს 50 კმ/სთ-ს.

3. გაცილების აუცილებლობა და მისი სახე საპატრუ­ლო პოლიციის მიერ განისაზღვრება გადაზიდვაზე თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს.

4. გაცილება შეიძლება განხორციელდეს:

ა) დამცავი (სტანდარტული) ავტომობილით, აგრეთვე საწევარათი ან მიმწოლით, რომელსაც გამოყოფს (გადა­საზიდი ტვირთის სახეობის ან საგზაო პირობების მიხედ­ვით) ტვირთის გადამტანი ან ტვირთის გამგზავნი ორგანიზაცია;

ბ) საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღ­ლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით.

შენიშვნა: საპატრულო პოლიციის მიერ განისაზ­ღვრება გამცილებლის გამოყოფის აუცილებლობა ტვირ­თის გადამტანი ან გამგზავნი ორგანიზაციიდან.

5. დამცავი ავტომობილით გაცილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე ტვირთით მეტია 2.55 მეტრზე (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრზე) და ნაკლებია 3 მეტრზე;

ბ) სიგრძე მეტია 20 მეტრზე (ავტომატარებლისათვის (მათ შორის, ორ და მეტ მისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, შესახსრებული ავტობუსისათვის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში 12 მეტრზე და ნაკლებია 24 მეტრზე;

გ) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ზენორმატიული დატვირთვით.

შენიშვნა: დამცავი ავტომობილის მოძრაობის წესი და გადაზიდვის განხორციელებისას მოძრაობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების ხერხები განისაზღვრება საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული ნებართვის სპეციალურ განაკვეთში „განსაკუთრებული პირობები“.

6. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება უნდა განხორციელდეს, თუ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება 4,0 მეტრს, ხოლო ავტომზიდის და კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში 4,3 მეტრს;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე აღემატება 3,0 მეტრს;

გ) ავტომატარებლის სიგრძე აღემატება 24 მეტრს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობის დროს იძულებულია ნაწილობრივ მაინც დაიკავოს შემხვედრი მოძრაობის ზოლი;

ე) მოძრაობის პროცესში საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის წარმოიქმნება დამატებითი ღონისძიების გატარების აუცილებლობა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა შემთხვევებში საკითხი გაცილების აუცილებლობის შესახებ წყდება საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ, საგზაო პირობების, ინტენსივობის და მოძრაობის შემადგენლობის გათვალისწინებით.

7. დამცავი ავტომობილი უნდა მოძრაობდეს გასაცი­ლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინ. ამას­თან ერთად, დამცავი ავტომობილი მარცხენა მხარეს უნდა მოძრაობდეს ისე, რომ მისი გაბარიტი სიგანეში გამოშვერილი იყოს გასაცილებელ ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების გაბარიტთან შედარებით.

8. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლა­პარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერი­ლობის ა/მანქანით გაცილება ხორციელდება იმავე წესით, როგორითაც დამცავი ა/მანქანით. გადაზიდვის განხორ­ციელებისას ავარიული სიტუაციების გამოსა­რიც­ხად სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანამ დროულად უნდა უზრუნველ­ყოს მოძრაობის გადაკეტვა ქუჩებისა და გზების გადაკვეთებზე.

9. გაცილების დროს სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანას ჩართული უნდა ჰქონდეს მოციმციმე შუქურა, რაც მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს ინფორმაციის დამატებით საშუალებას და არ ანიჭებს უპირატესობას გავლისას. სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანებს, დამცავ ავტომობილებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბებს, რომლებიც დღისით ახორციელებენ გადაზიდვას, ჩართული უნდა ჰქონდეთ ახლო მაშუქი ფარები.

10. გადაზიდვის განსახორციელებლად, დამცავი ავ­ტო­მო­ბილების, საწევრების და მიმწოლების გარდა, და­მატებით შეიძლება გამოიყოს სპეციალური ავტო­სატრან­სპორტო საშუალებები (ავტოამწეები, ავტო­კოშკები, საზეინკლო სახელოსნოები და ა.შ.), რომლე­ბიც აუცილებელია გადაზიდვის ტექნიკური უზრუნველ­ყოფისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ერთობლივი ბრძანება №46/1-1/77 - სსმ III, №10, 23.01.2008წ., მუხ.136

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ერთობლივი ბრძანება №945/1-1/1767 - სსმ III, №92, 24.07.2009წ., მუხ.972

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის ერთობლივი ბრძანება №973/1-1/1846 - სსმ III, №95, 31.07.2009წ., მუხ.1018

    მუხლი 4

გადაზიდვა უნდა განხორციელდეს დამტკიცებული მარშრუტის მკაცრი დაცვით. თუ გადაზიდვის დროს შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დამტკიცებული მარშრუტის შეცვლას, ტვირთის გადამზიდავმა ორგანიზაციამ მარშრუტის შესაცვლელად უნდა აიღოს ახალი შეთანხმება (რეკომენდაცია).

    მუხლი 5

1. ხიდებზე, გზაგამტარებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გავლის პირობებს განსაზღვრავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

2. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირ­თვით გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფ­რთხო გადაადგილებისათვის, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მდორე და შეუჩერებელი მოძრაობა სავალი ნაწილის ღერძულა ხაზზე (ან საგზაო-საექ­სპლუა­ტაციო ორგანიზაციის მითითებით წინასწარ დატანილი სპეციალური ხაზის გასწვრივ) არა უმეტეს 10 კმ/სთ სიჩქარით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გზაგამტარზე ან სანაოსნო ხიდის მალებზე უნდა ხორ­ციელდებოდეს მხოლოდ მათ ქვეშ მოძრაობის არარსე­ბობის შემთხვევაში იმ ორგანიზაციებთან შეთან­ხმებით, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ გზაგამტარის ან ხიდის ქვეშ არსებულ გასასვლელს.

4. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირ­თვით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გავ­ლის მომენტში მასზე უნდა აიკრძალოს სხვა ავტო­სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითად მოსია­რულეთა მოძრაობა.

5. იძულებითი გაჩერების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება ხელოვნური ნაგებო­ბიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაყვანად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №1086/1-1/2147 - სსმ III, №150, 13.10.2008წ., მუხ.1491

 

კრებსითი — სრული ვერსია