საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №602
1997 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ქალთა მშობიარობის თანაგადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
„ საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებისა და ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის მესამე ეტაპის ამოცანათა გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად „ უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის პროგრამის“ შემუშავებას და დამტკიცებას საფუძვლად დაედო ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ- ეკონომიკური სიტუაცია და დემოგრაფიული მდგომარეობა.
თითოეული მშობიარე ახორციელებს თანაგადახდას 25 ლარის ოდენობით, რამაც გარკვეული სირთულეები შეუქმნა მოსახლეობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
1. საქართველოში მცხოვრები ორსული ქალები გათავისუფლდნენ მშობიარობის თანაგადახდისაგან მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან.
2. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ( ა. ჯორბენაძე):
ა) უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებებისათვის თანაგადახდისაგან გათავისუფლებული ქალების მშობიარობის ხარჯების ანაზღაურება ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებისათვის გამოყოფილი რესურსების ფარგლებში;
ბ) 1998 წლის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის შედგენისას გაითვალისწინოს მშობიარობის თანაგადახდის მოხსნა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ( მ. ჭკუასელი) უზრუნველყოს შეუფერხებელი დაფინანსება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში.
ე. შევარდნაძე