სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.008.440
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №258
2006 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №69 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს დებულება“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის № 71 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს დებულება“, „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგისა და სტატისტიკის სამმართველოს დებულება“, „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტების კოორდინაციისა და მომზადების სამმართველოს დებულება“, „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკების სამმართველოს დებულება“ და „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს დებულება“.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის ბრძანება №99 - სსმ III, №18, 05.02.2008 წ., მუხ.222
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში _ მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4.
დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოსდაცვითი და რესურსარგებლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შემუშავების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
გ) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების მომზადებისა და განხორციელების კოორდინირება;
დ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მომზადების და განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 6.
თავისი საქმიანობის განხორციელებისას დეპარტამენტი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ბ) უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავების კოორდინაციას და გარემოს დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის (მდგრადი განვითარების სტრატეგიის) და გარემოს დაცვის საშუალოვადიანი გეგმის (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის) შემუშავებას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო, საბიუჯეტო და სხვა წყაროებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების კოორდინირებას;
დ) უზრუნველყოფს მინისტრის სამართლებრივი აქტების, მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 7.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სამინისტროს სხვადასხვა სამუშაო სხდომების მომზადებას, მიღებულ გადაწყვეტილებათა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
დ) ამოწმებს, ვიზას ადებს და ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებას დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, დეპარტამენტის თანამშრომლების პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღებას, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს;
კ) დეპარტამენტის უფროსი პასუხს აგებს მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროსა და დეპარტამენტის სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ და მიმდინარე საკითხთა შესრულებაზე.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 9.
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) კოორდინაციას უწევს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს და პროექტების კორდინაციის სამმართველოს საქმიანობას;
გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს;
ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 10.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო;
ბ) პროექტების კოორდინაციის სამმართველო.
მუხლი 11.
სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს საქმიანობის ამოცანებია თავისი კომპენტენციის ფარგლებში:
ა) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს და მიიღოს მონაწილეობა მის შემუშავებაში;
ბ) ითანამშრომლოს მდგრადი განვითარების ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების, მოქმედებათა გეგმების შემმუშავებლებთან და ხელი შეუწყოს შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი რგოლების მონაწილეობას;
გ) ითანამშრომლოს მდგრადი განვითარების საკითხების თაობაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
დ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, პროგრამების და სახელმწიფო მიზნობრივი გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავებაში;
ე) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული საშუალოვადიანი პროგრამის (მოქმედებათა გეგმის) შემუშავების პროცესს და მიიღოს მონაწილეობა მის შემუშავებაში;
ვ) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას;
ზ) გააანალიზოს მდგომარეობა გარემოს დაცვის სფეროში სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქმედებათა გეგმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
თ) მონაწილეობა მიიღოს რეგიონული მასშტაბის გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმების და სტრატეგიების შემუშავების პროცესში. შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი განხორციელების თაობაზე.
მუხლი 12.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან;
ბ) კოორდინირება გაუწიოს დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით ქვეყანაში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;
გ) ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული ანგარიშების მოსმენას ამ დონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ; განახორციელოს ამ პროგრამათა და გეგმათა შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;
დ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
მუხლი 13.
პროექტების კოორდინაციის სამმართველოს საქმიანობის ამოცანებია თავისი კომპენტენციის ფარგლებში:
ა) რეგულარულად შეაგროვოს ინფორმაცია საქართველოში გარემოს დაცვის და ბუნებათსარგებლობის სფეროში სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოს სამინისტროში მიმდინარე საერთაშორისო წყაროებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე პერიოდული ანგარიშგება;
გ) მიაწოდოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას და პროექტის ხელმძღვანელებს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ან ცვლილებების განხორციელების მიზნით;
დ) პროექტების კოორდინაციისა და ღონისძიებების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, შეითანხმოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებები დასაფინანსებლად წარდგენამდე;
ე) ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში პროექტების მომზადებისა და მათ განსახორციელებლად ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს ცალკეული პროექტების მიმდინარეობას.
მუხლი 14.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლება აქვს:
ა) რეგულარულად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი არაკონფიდენციალური ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისაგან მათი ზედამხედველობით მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესრულების მდგომარეობის შესახებ; შეაფასოს მათ მიერ პროექტების ფარგლებში გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას, პროექტის ხელმძღვანელებს, ასევე დამფინანსებელ ორგანიზაციებს წარუდგინოს წინადადებები პროექტების/პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე;
ბ) მიაწოდოს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებები ქვეყნის სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად კონკრეტული პროექტების/პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
გ) მიაწოდოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას და პროექტის ხელმძღვანელებს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ან პროექტის განხორციელების პროცესში აუცილებელი ცვლილებების შეტანის მიზნით;
დ) ორგანიზება გაუწიოს სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე პროექტების/პროგრამების ხელმძღვანელების პერიოდულ შეხვედრებს ღა ანგარიშგებას სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, კონტროლი და კოორდინაცია გაუწიოს ცალკეული პროექტების/პროგრამების მიმდინარეობას;
ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;
ზ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში; წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
მუხლი 15.
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.
მუხლი 16.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 17.
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.