საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი”.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2003 წლის 3 სექტემბრის №01/01-01/176 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების (შემდგომში – აქციები და წილები) პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან” (შემდგომში – ქონების სააგენტო) სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს.
2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების სააგენტო.
3. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აუქციონისა, პირდაპირი მიყიდვის, წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.
4. ქონების სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.
5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა სხვა სუბიექტებზე ასევე შეიძლება განხორციელდეს უსასყიდლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პირდაპირი გადაცემის ფორმით .
6. ქონების სააგენტოს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია საწარმოს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.
7. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს მხოლოდ ქონების სააგენტო.
8. აქციებისა და წილების ქონების სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მართვის უფლებით გადაცემისას , სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი , ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ , საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პირდაპირი ფორმით გადაცემისას სხვა სუბიექტი არის სახელმწიფო ორგანო , საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან / და სახელმწიფოს 50%- ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №1-1/34 6 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
მუხლი 2. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმები
1. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აუქციონისა, პირდაპირი მიყიდვის, წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.
2. აქციებისა და წილების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით, ხოლო საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შეხებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 3. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და წესი
1. გადაწყვეტილებას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იღებს ქონების სააგენტო.
2. ქონების სააგენტო ინფორმაციას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე აქვეყნებს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) იმ იურიდიული პირის დასახელებას და იურიდიულ მისამართს, რომლის აქციების ან წილების მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;
ბ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;
გ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, სახელმწიფოს წილის ოდენობას საწარმოში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;
დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) სააუქციონო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას.
4. საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი.
5. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას (კერძოდ, ინფორმაციის გამოქვეყნების, განაცხადების მიღების, აუქციონის ჩატარების, სააუქციონო ვაჭრობის) გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმები.
6. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულ პირს ავლენს აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, რომელიც იქმნება ქონების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (შემდგომში – კომისია). კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
7. აქციებისა და წილების ელექტრონული აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 4. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის წესი
1. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით .
2. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლების მიღების მსურველი მიმართავს ქონების სააგენტოს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);
გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ქონების სააგენტოს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქონების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
3. აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება დამტკიცებული „ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლები.
მუხლი 5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემის წესი და პირობები
1. სხვა სუბიექტებისათვის უსასყიდლოდ აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.
2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს, რომელიც ამზადებს საკითხს, რომელიც განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება საქართველოს მთავრობას.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომპეტენციის შესაბამისად, სხვა სუბიექტისთვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიმართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით წარედგინება საქართველოს მთავრობას.
მუხლი 6. ხელშეკრულების გაფორმების წესი
1. ქონების სააგენტო, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით, აუქციონის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ წილებისა და აქციების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში აუქციონში გამარჯვებულთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სააუქციონო ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს , შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე -7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას .
მუხლი 7. აქციებისა და წილების მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა
1. აქციებისა და წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან – ქონების სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან, მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილის მმართველი პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მმართველის მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
3. თუ მმართველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ქონების სააგენტოს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად, მმართველ პირს ჩამოართვას აქციებისა და წილის მართვის უფლება. წილები და აქციები უბრუნდება ქონების სააგენტოს. ამასთან , მმართველს არ აუნაზღაურდება ქონებაზე გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 8. აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემისას წარმოშობილი დავების განხილვა
აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.