საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
181
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2025-03-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საპატენტო კანონის მე-8 მუხ­­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯა­რო სა­მართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალუ­რი სა­კუთ­რების ეროვნული ცენტრის – „საქპა­ტენ­ტის“ თან­­­დარ­თული დებულება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს „ინტე­ლექტუა­ლუ­რი სა­კუთ­რების ეროვნული ცენტრის – „საქპა­ტენ­ტის“ შე­სახებ“ სა­ქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძა­ნებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თა­ობაზე“ სა­ქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქ­მე­დების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუ­ალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპა­ტენტი“ (შემ­დგომში – საქპატენტი) არის ინტელექტუალური სა­კუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომე­ლიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებ­რივ უზრუნ­ველ­ყოფას.

2. საქპატენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საპატენტო კანონის, „სა­სა­ქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიზა­ინის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქონლის ად­გილ­წარ­მო­შო­ბის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტების შესაბამისად.

3. საქპატენტს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, კანონმდებლობით ნებადართული ანგარიშები ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალე­ო­ბათა შესრულებისას საქპატენტი უფლებამოსილია, გასწიოს სახელმწიფო წარ­მო­მად­გენლობა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 27.01.2015წ.

    მუხლი 2. საქპატენტის ძირითადი ამოცანები

საქპატენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სის­ტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პრიორიტე­ტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;

გ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება;

დ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საერთაშო­რისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თა­ნამ­შრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულე­ბის ორგანი­ზე­ბა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამ­შრომ­ლობა;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (გამოგო­ნება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, მცენარეთა ახალი ჯიში, ცხოველთა ახალი ჯიში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარ­მო­შობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრა­ლური მიკროსქემის ტოპოლოგია, მეცნიერების, ლიტერატუ­რისა და ხე­ლოვნების ნაწარმოებები, საავტორო და მომიჯნავე უფლე­ბები) უფლების მოპოვების სამართლებრივი უზრუნ­ველყოფის მიზნით ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მხატვრულ-შე­მოქმედებითი პოტენციალის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;

ზ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სა­კითხების შესახებ საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველ­ყო­ფა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება.

    მუხლი 3. საქპატენტის ძირითადი ფუნქციები

საქპატენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხა­დის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესა­ბამისი დოკუმენტების გაცემა და ინტელექტუალური საკუთ­რების ობიექტების რეესტრების წარმოება;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავ­შირებით განმცხადებლებისა და მესამე პირების სააპელაციო საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება საქპა­ტენ­ტთან არსებულ სააპელაციო პალატაში;

გ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სა­ერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქარ­თვე­ლოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) საქპატენტის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული და კანონმდებლობიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულე­ბის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პროექ­ტე­ბისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნება, მათ შორის, საქარ­თვე­ლოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის გამოცემა;

ვ) საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პრო­ცედურების განხორციელება;

ზ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

თ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების შექმნა და ფუნქციონირების უზ­რუნველყოფა;

ი) საქართველოს პატენტრწმუნებულთა (შემდგომში − პატენტრწმუნებული) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის გაცემა, პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოება, პატენტრწმუნებულის მოწმობის გაცემა და სპეციალური მოსამზადებელი კურსის დანერგვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

[ ი 1 ) პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამისთვის საჭირო კურსების დანერგვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

კ) საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების, მათი მემკვიდრეებისა და სხვა უფლებამონაცვლეების ქონებ­რი­ვი უფლებების დაცვისათვის, კოლექტიურ საფუძველზე, მმარ­თველი ორგანიზაციების (საზოგადოებების) საქმიანობის ხელ­შეწყობა;

ლ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს გან­ვითარების ხელშეწყობა;

მ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება, საინფორმაციო და შემეც­ნებითი ბროშურებისა და სხვა მასალების გამოქვეყნება და გავ­რცელება, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტე­ბისა და საერთაშორისო შეთანხმებების კომენტარების მომ­ზადება და გამოცემა;

ნ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სა­კითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სხვა­­დასხვა ღონისძიებების განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 24.03.2025წ.

    მუხლი 4. საქპატენტის უფლებამოსილებანი

საქპატენტი უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სა­ხელმწიფოს სახელით გასცეს შესაბამისი დოკუმენტები ინ­ტე­ლექტუალური საკუთრების ობიექტებზე;

ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური სა­კუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში და ინტელექტუალური სა­კუთრების სფეროსთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქ­მედი კანონმდებლობის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარ­­გლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები და კოორ­დინაცია გაუწიოს ინტელექტუალური საკუთრების სახელ­მწი­ფო პოლიტიკის განხორციელებას;

დ) საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორ­განოს – სააპელაციო პალატის მეშვეობით განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ინტელექტუალური სა­კუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გა­და­წყვეტილებებთან, აგრეთვე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პა­ტენ­ტის გაცემასა და სამრეწველო საკუთრების სხვა ობი­ექ­ტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებზე, – აღია­როს სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილ სასა­ქონლო ნიშ­ნად;

დ​1) განახორციელოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ან/და აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უცხო ქვეყანაში რეგისტრაციისა და დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები;

ე) გამართოს სემინარები, კონფერენციები და სხვა ღო­ნის­ძიებანი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირე­ბული სა­კითხების შესახებ;

ვ) მიავლინოს საქპატენტის თანამშრომლები კვალიფიკა­ცი­ის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისა­ღებად;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათ­ვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;

თ) სახელმწიფოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემისა და საინოვაციო საქმიანობის განვითარების კუთხით, განახორციელოს მიზნობრივი პროექტები;

ი) საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №416 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 27.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №550 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №386 - ვებგვერდი, 19.11.2024წ.

    მუხლი 5. საქპატენტის ქონება და შემოსავლები

1. საქპატენტის ქონება არის ძირითადი და საბრუნავი სა­შუალებები, რომლებიც აისახება საქპატენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.

2. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

3. საქპატენტის დაფინანსება ხორციელდება:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტე­ბასთან, რეგისტრაციასა და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან მიღებული სახსრებით.

4. „საქპატენტის “ შემოსავლები გამოიყენება მისთვის კა ნონ მდე ბ ლობით დაკისრებული ამოცანების , ფუნქციებისა და უფ ლება მო სი ლე ბე ბის განსახორციელებლად და ინტელექტუალუ რი საკუ თ რების სფე რო ში კანონმდებლობით გათვალისწინებული , „ საქ პა ტენ ტის “ მიერ გან სა ხორციელებელი სხვა მიზნების შესასრუ ლებ ლად .

5. საქპატენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აიღოს სესხი ან გააფორმოს ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულება.

6. საქპატენტი საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას აწა­რ­­მოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №416 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 27.01.2015წ.

    მუხლი 6. საქპატენტის მართვა

1. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება ოთხი წლის ვადით.

2. საქპატენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქპატენტის საქმიანობას, ახორციელებს საქპატენტის საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საქპატენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) უფლებამოსილია, განახორციელოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ე) წარმოადგენს საქპატენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ვ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს საქპატენტის სახელით, განაგებს საქპატენტის ქონებას, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხსნის მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში;

ზ) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქპატენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებას და შინაგანაწესს;

თ) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქპატენტის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ი) ამტკიცებს საქპატენტში სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქპატენტის თანამშრომლებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს დასაქმებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას საქპატენტის თანამშრომელთა წახალისების, სახელფასო დანამატების გაცემისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

მ) (ამოღებულია - 21.03.2025, №81);

ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის ბიუჯეტს;

ო) საქპატენტის ფუნქციების განხორციელებისას, უფლებამოსილია, შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და განსაზღვროს მისი შემადგენლობა და უფლებამოსილება;

ო1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქპატენტის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის და­მა­ტებით ღონისძიებებსა და შეღავათებს.

პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. საქპატენტის თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. საქპატენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საქპატენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

4. (ამოღებულია - 18.04.2023, №155).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 27.01.2015წ.  
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 თებერვლის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №613 – ვებგვერდი, 12.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 მარტის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 24.03.2025წ.

მუხლი 61. საქპატენტის სტრუქტურა

1. საქპატენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების  მეშვეობით.

2. საქპატენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;

ა.ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველო;

ა.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;

ა.დ) სერვისების განვითარებისა და მოქალაქეთა მომსახურების სამმართველო;

ბ) გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ბ.ა) მექანიკისა და ფიზიკის სამმართველო;

ბ.ბ) ქიმია-მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველო;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

გ.ა) ლოჯისტიკის სამმართველო;

გ.ბ) საფინანსო სამმართველო;

გ.გ) შესყიდვების სამმართველო;

დ) ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) მონიტორინგის სამსახური;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

თ) სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

თ.ა) დიზაინისა და დეპონირების სამმართველო;

თ.ბ) სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველო.

3. საქპატენტის სტრუქტურულ ერთეულსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა  და იურიდიული დეპარტამენტის უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

5. საქპატენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 27.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 მარტის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 11.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №53 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

მუხლი 62. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა)  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევის/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) საქპატენტსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; თანამდებობრივი სამუშაო აღწერილობების შედგენა და მეთოდური უზრუნველყოფა;

ვ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების მართვა;

ზ) საქპატენტის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

თ1) პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოებისა და პატენტრწმუნებულის მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) საქპატენტის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიციირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

კ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების მიზნით;

ლ) საქპატენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

მ) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, ასევე მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ნ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულებული ანგარიშების მომზადება;

ო) საქპატენტის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე საქპატენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის  წლიური ანგარიშების მომზადება;

პ) საქპატენტის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

ჟ) უცხოეთის დელეგაციების საქართველოში ვიზიტებსა და ოფიციალურ მიღებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება;

რ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) მართვა/განვითარება,  ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ს) საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზების ფორმირებისა და სარგებლობის, ასევე, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა;

ტ) საქპატენტის შიდა ქსელისა და მასთან მიერთებული დაშორებული ლოკალური ქსელების ტექნიკური გამართვა და ადმინისტრირება; კომპიუტერული ქსელების დაპროექტება და დანერგვა;

უ) საქპატენტის ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება; საჭიროებისამებრ, ცალკეულ საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზებში ინფორმაციის განთავსების, განახლებებისა და ცვლილებების შეტანის ორგანიზება;

ფ) კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით აღჭურვის ორგანიზება,  მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საქპატენტის კავშირგაბმულობის ტექნიკური მხარდაჭერა;

ქ) საქპატენტში არსებული სერვისების განვითარებაზე ზრუნვა, სერვისების მიწოდების პროცესის დაკვირვება, ანალიზი,  არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ღ) სერვისების მიწოდების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ინიციირება;

ყ) საქპატენტის სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციების (როგორც ადგილზე, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით) გაწევა;  ეროვნული და საერთაშორისო პროცედურებით შემოტანილი განაცხადების, დამატებითი მასალების (აღწერილობა, ფორმულა, რეფერატი, ნახაზები და სხვ.), ასევე სააპელაციო საქმისწარმოების დოკუმენტების მიღება, დამუშავება, დასკანერება, მონაცემთა ბაზაში განთავსება და დაარქივება;

შ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ჩ) პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 24.03.2025წ.

მუხლი 63. გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტი

გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) გამოგონებისა და ახალი ჯიშების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და  პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელების ორგანიზება;

ბ) გამოგონებისა და ახალი ჯიშების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებაზე მუშაობა;

გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების განაცხადების კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და, კომპეტენციის ფარგლებში, სამრეწველო საკუთრების რეესტრების წარმოება და განაცხადების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებების განხორციელება;

ვ) განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარება; განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარება;

ზ) საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

მუხლი 64. ეკონომიკური დეპარტამენტი

ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქპატენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) საქპატენტის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;

გ) საქპატენტის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, საწვავის ხარჯვის კონტროლი;

დ) საქპატენტის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ელექტროკომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირებისა და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) საქპატენტის სტრუქტურული ერთეულების საჭირო ნივთებით მომარაგება;

ვ) საქპატენტის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;

ზ) საქპატენტის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა;

თ) საფინანსო, ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

ი) ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების წარმოება და დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება;

კ) საქპატენტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ლ) საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული პერიოდული ანგარიშების შედგენა და მისი წარდგენა დანიშნულებისამებრ;

მ) ძირითადი საშუალებების, ასევე მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დოკუმენტების შემუშავება;

ნ) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებსა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის შედეგების დროული განსაზღვრა და აღრიცხვაში ასახვა;

ო) საქპატენტის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

პ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა;

რ) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

მუხლი 65. ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი

ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ფუნქციებია:

ა) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა. საქპატენტის ამოცანებიდან, ფუნქციებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, სწავლების საჭიროებების ანალიზი, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) საქპატენტის თანამშრომლების, სტაჟიორებისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადება-გადამზადებისა და მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

გ1) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფა და საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში მონაწილეობა, აგრეთვე სპეციალური მოსამზადებელი კურსის ორგანიზების უზრუნველყოფა;

[ გ 2 ) პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამისთვის საჭირო კურსების ორგანიზების უზრუნველყოფა;  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

გ3) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა;

დ) ტრენერთა, ტრენინგის ექსპერტთა და ტრენერ-კონსულტანტთა შერჩევის, მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება;

ე) ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებთან, აკადემიურ წრეებსა და სხვა ორგანიზაციებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;

ვ) საქპატენტის ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებსა და შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ზ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით, სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის გამოცემა (ქართულ და  ინგლისურენოვანი ვერსია);

თ) ინგლისური და რუსულენოვანი რეფერატების მომზადება;

ი) გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის ადგილობრივი განაცხადების რეფერატებისა და აღწერილობების, ასევე საერთაშორისო განაცხადების რეფერატების რედაქტირება და კორექტირება; აღწერილობების მომზადება დამცავ დოკუმენტთან ერთად გასაცემად;

კ) დარგობრივი ლიტერატურის, მათ შორის, წიგნების, კლასიფიკატორების, ბროშურების, ბუკლეტების, წლიური ანგარიშების, საინფორმაციო ფურცლებისა და სხვ. გამოსაცემად მომზადება, ციფრული და/ან ოფსეტური ბეჭდვა;

ლ) საქპატენტის ბიბლიოთეკის მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა;

მ) საქპატენტში შექმნილი მატერიალური სახის დოკუმენტების გაციფრულება (დიგიტალიზაცია) და შესაბამისი ელექტრონული არქივების შექმნა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 24.03.2025წ.

მუხლი 66. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქპატენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ასევე საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი შეფასება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

დ) განცხადებებისა და სხვა კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა;

ე) სასამართლო დავებზე საქპატენტის წარმომადგენლობა;

ვ) საქპატენტის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) და მემორანდუმების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების  დროული ინფორმირება;

თ) საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის ორგანიზება და პალატის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;

ი) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან საქპატენტის ურთიერთობის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საქპატენტის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;

ლ) პატენტრწმუნებულთა რეესტრში პირის რეგისტრაციის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №386 - ვებგვერდი, 19.11.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 მარტის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 24.03.2025წ.

მუხლი 67. მონიტორინგის სამსახური

მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქპატენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და მონიტორინგი;

ბ) მონიტორინგის ფარგლებში სარეკომენდაციო შემოწმების განხორციელება, რომელიც მოიცავს საქპატენტის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობის შეფასებას;

გ) საქპატენტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სტრატეგიული პროექტების შესრულების მონიტორინგი;

დ) საქპატენტში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და საქპატენტის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ე) საქპატენტის საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მათი გამომწვევი მიზეზების პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ვ) საქპატენტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

თ) საქართველოს კანონმდებლობის, საქპატენტის დებულების, საქპატენტის გადაწყვეტილებების, საქპატენტის შინაგანაწესის, თავმჯდომარის ბრძანებებისა და სხვა შიდა მარეგულირებელი აქტების განუხრელ შესრულებაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

მუხლი 68. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

გ) მედიაღონისძიებების, კერძოდ, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) საქპატენტის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მედიარელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

ე) საქპატენტის საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების დაგეგმვა და მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, საქპატენტის პოზიციის გამოხატვა, ახსნა-განმარტების მომზადება და მასალის დაარქივება;

ზ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;

თ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

ი) საქპატენტის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

მუხლი 69. სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტი

სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სისტემის განვითარების კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

ბ) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებაზე მუშობა;

გ) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნისა და დიზაინების განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და, კომპეტენციის ფარგლებში, რეესტრების წარმოება;

ე) საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;

ვ) საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების დეპონირების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №155 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №386 - ვებგვერდი, 19.11.2024წ.

    მუხლი 7. საქპატენტის ანგარიშვალდებულება

საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემი­ერ-მინისტრის წინაშე.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

1. საქპატენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორცი­ელ­დება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქპატენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატე­ბების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დად­გე­ნილებით.

კრებსითი — სრული ვერსია