საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №489
2010 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს დელეგაციას (შემდეგში - დელეგაცია) შემდეგი შემადგენლობით:
| დავით ზალკალიანი | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე , დელეგაციის ხელმძღვანელი , დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი |
| ნიკოლოზ ვაშაკიძე | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე , დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი |
| თეა ახვლედიანი | - | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი , დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი |
| ლევან იზორია | - | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე , დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი |
| გოჩა ლორთქიფანიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე , დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე |
| თამარ ბერუჩაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე , დელეგაციის III სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი |
| დავით ლეჟავა | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე , დელეგაციის III სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე |
| მარიამ ჯაში | - | საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე , დელეგაციის III სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე |
| მიხეილ ჯანელიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე , დელეგაციის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი |
| ირაკლი მატკავა | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე , დელეგაციის III და IV სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების მოადგილე |
| არჩილ ყარაულაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი . |
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულება №666-სსმIII, №102, 23.08.2010წ., მუხ.1528
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 აპრილის ბრძანებულება №300 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №644 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანებულება №893 - ვებგვერდი, 27.09.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №1064 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
2. დამტკიცდეს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს დელეგაციის თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულება №666-სსმIII, №102,23.08.2010წ., მუხ.1528
2 . საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 11 აპრილის ბრძანებულება № 300 - ვებგვერდი, 12 . 04 .201 2 წ.
3. საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №644 - ვებგვერდი, 30. 0 7.201 2 წ.
4. საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 26 სექტემბრის ბრძანებულება №893 - ვებგვერდი, 27. 0 9.201 2 წ.
5 . საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 2 9 ნოემბრის ბრძანებულება №1064 - ვებგვერდი, 30.11.201 2 წ.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს დელეგაციის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს დელეგაციის (შემდეგში – დელეგაცია) შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. დელეგაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. დელეგაციის ამოცანები და ფუნქციები
დელეგაციის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავების მიზნით საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
ბ) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დადების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვა.
მუხლი 3. დელეგაციის უფლება-მოვალეობანი
დელეგაციის უფლება-მოვალეობებია:
ა) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დადების მიზნით შეიმუშაოს საქართველოს პოზიციები;
ბ) საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოსთხოვოს დელეგაციის საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო ინფორმაცია;
გ) განსაზღვროს სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი ექსპერტების ჩაბმის თაობაზე;
დ) აწარმოოს მოლაპარაკება ევროკავშირთან პლენარული სესიების ფარგლებში;
ე) საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები ამ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 4. დელეგაციის სტრუქტურა
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:
ა) დელეგაციის ხელმძღვანელი;
ბ) დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეები;
გ) სამუშაო ჯგუფების კოორდინატორები და მათი მოადგილეები;
დ) დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი;
ე) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი.
მუხლი 5. დელეგაციის ხელმძღვანელი
1. დელეგაციის ხელმძღვანელი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. დელეგაციის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის საერთო ხელმძღვანელობას და წარმართვას;
ბ) საქართველოს მხარის პოზიციების შემუშავების მიზნით კოორდინაციას უწევს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას;
გ) ახორციელებს დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს საერთო ხელმძღვანელობას.
მუხლი 6. დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეები
1. დელეგაციის ხელმძღვანელს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც განისაზღვრებიან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეები ასრულებენ დელეგაციის ხელმძღვანელის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 7. დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნო
1. დელეგაციის აღმასრულებელ სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი.
2. დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნო:
ა) უშუალო და რეგულარულ კონტაქტშია ევროკავშირის დელეგაციის აღმასრულებელ სამდივნოსთან;
ბ) უზრუნველყოფს ევროპული მხარისაგან მიღებული ინფორმაციის სამუშაო ჯგუფების სამდივნოებისათვის (მდივნებისათვის) და დელეგაციის შესაბამისი წევრებისათვის მიწოდებას;
გ) უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფების სამდივნოების (მდივნების) მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემას ევროპული მხარისათვის;
დ) ახორციელებს მოლაპარაკების პროცესში დაგეგმილი პლენარული სესიების მომზადებას;
ე) ხელს უწყობს სამუშაო ჯგუფების ევროპულ მხარესთან შეხვედრების ორგანიზებას;
ვ) თანამშრომლობს სამუშაო ჯგუფების სამდივნოებთან (მდივნებთან).
მუხლი 8. სამუშაო ჯგუფები
1. დელეგაციის ფარგლებში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
ა) I სამუშაო ჯგუფი - პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში;
ბ) II სამუშაო ჯგუფი - მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება;
გ) III სამუშაო ჯგუფი - ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა; ხალხთა შორის კონტაქტი; ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა;
დ) IV სამუშაო ჯგუფი - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; ვაჭრობა და თანამშრომლობა რეგულირების სფეროში.
2. სამუშაო ჯგუფები კომპეტენციის ფარგლებში წარმართავენ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს.
3. სამუშაო ჯგუფები კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული პოზიციისა და ევროპულ მხარესთან გამართული კონსულტაციის შედეგების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ დელეგაციის ხელმძღვანელს.
4. სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელობენ კოორდინატორები, რომლებიც განისაზღვრებიან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
5. სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების მოადგილეები განისაზღვრებიან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
6. სამუშაო ჯგუფების კოორდინატორები შეიმუშავებენ და დელეგაციას წარუდგენენ წინადადებებს სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის თაობაზე.
7. თითოეული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილი უნდა იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
8. სამუშაო ჯგუფებს აქვთ (ჰყავთ) სამდივნოები (მდივნები), რომლებიც:
ა) იქმნებიან (ინიშნებიან) სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების მიერ;
ბ) რეგულარულ კავშირში არიან დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელთან;
გ) შესაბამისი სამუშაო ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ საქართველოს პოზიციის ამსახველ დოკუმენტებს და წარუდგენენ დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელს ევროპული მხარის ინფორმირების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ევროპულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს;
ვ) ამზადებენ ინფორმაციას შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და აწვდიან დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელს დელეგაციის ხელმძღვანელის ინფორმირების მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №1064 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
მუხლი 9. დელეგაციის ანგარიშვალდებულება
დელეგაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის წინაშე.
მუხლი 10. დელეგაციის საქმიანობის შეწყვეტა
დელეგაცია საქმიანობას წყვეტს ევროკავშირთან შესაბამისი მოლაპარაკების პროცესის დასრულებისთანავე, ან დელეგაციის საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.