სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.543
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2010
2010 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრები ამომრჩეველი
ა) რომელიც გავიდა ქვეყნიდან 2010 წლის 1 იანვრამდე და 2010 წლის 15 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში არ დაბრუნებულა, თუ იმავდროულად ასეთი ამომრჩეველი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ გაკეთდება ჩანაწერი: „იმყოფება უცხოეთში“;
ბ) რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ გაკეთდება ჩანაწერი: „საკონსულო აღრიცხვაზეა“;
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობს იმ შემთხვევაში, თუ იგი კენჭისყრის დღეს გამოცხადდება შესაბამის (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით) საუბნო საარჩევნო კომისიაში და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 26 აპრილის დადგენილება №33/2010 - სსმIII, №48, 27.04.2010წ., მუხ.708
მუხლი 2.
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურა ტარდება მხოლოდ შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:
1. კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;
2. კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
3. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში, აგზავნის მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, რომელიც ამოწმებს საქართველოს მოქალაქის პასპორტში საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ჩანაწერის (შტამპის) არსებობის ფაქტს და ავალებს კომისიის მდივანს, პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდისა და იმ გვერდის ასლების გადაღებას სადაც ასეთი ჩანაწერი (შტამპი) არის დაფიქსირებული.
4. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, ამომრჩეველი კვლავ მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და ხმას აძლევს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით.
მუხლი 3.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია კომისიაში არსებული პასპორტების შესაბამისი გვერდების ასლები გადასცეს ზემდგომ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებთან ერთად.
მუხლი 4.
კენჭისყრის დასრულების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ითვლის იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, ვინც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მისცა ხმა საარჩევნო უბანში და შესაბამისი მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
მუხლი 5.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 26 აპრილის დადგენილება №33/2010 - სსმIII, №48, 27.04.2010წ., მუხ.708