,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
328
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-05-26
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-01
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.08.002.004
,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №328

2007 წლის 26 მაისი

ქ. თბილისი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ

მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და მათი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის, საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. ახალგაზრდა მეცნიერთათვის დაწესდეს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები.

2. საგრანტო დაფინანსების მიზნით, სამეცნიერო პროექტების შერჩევა კონკურსის წესით განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდი) თავიანთი წესდების შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №159-სსმ III, №41, 02.04.2009წ; მუხ.479

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კონკურსის წესით შერჩეულ სამეცნიერო პროექტებზე პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, რომლის პროექტსაც ერთობლივად ამზადებენ სსიპ – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სსიპ – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) – საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენად.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №159-სსმ III, №41, 02.04.2009წ; მუხ.479

31. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დამტკიცების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 მარტის ბრძანებულება №169-სსმ III, №49, 01.04.2008წ; მუხ.571

4. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაფინანსება ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების დანიშვნისა და სამეცნიერო მივლინებებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №437 ბრძანებულება.

7. პირებს, რომელთაც ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად დანიშნული აქვთ პრეზიდენტის სტიპენდიები 2006 წლის სექტემბრამდე, გაუგრძელდეთ სტიპენდიების გაცემა დადგენილი ვადის ამოწურვამდე. პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და კონტროლი უზრუნველყოს სსიპ – ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

71. „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული პროექტების დაფინანსება, თითოეული პროექტის ხანგრძლივობის შესაბამისად, განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №159-სსმ III, №41, 02.04.2009წ; მუხ.479

8. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 მარტის ბრძანებულება №169-სსმ III, №49, 01.04.2008წ; მუხ.571

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №159-სსმ III, №41, 02.04.2009წ; მუხ.479

 

 

კრებსითი — სრული ვერსია